ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

04-03-2023

„უსაფრთხოების სკოლის" მესამე სეზონი დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“ დასრულდა. მესამე სეზონზე პროექტში მონაწილეობა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 18 -მა სტუდენტმა მიიღო.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა და მათ წარმატება უსურვა.

პროექტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მიეღოთ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და მათთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონოდათ.

დაზვერვისა და კონტრადზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ტერორიზმიდან მომდინარე სხვადასხვა სახის საფრთხე, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე უსაფრთხოების სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემა და მათთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა სკოლის მონაწილეებს უშუალოდ შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა გააცნეს და მათთან ერთად კონკრეტული მაგალითები განიხილეს.

2 კვირის განმავლობაში სკოლის მონაწილეებმა ისწავლეს საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვა, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მკაცრ გარემო პირობებთან ადაპტირების შესახებ, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი.

უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია და მისი იდეა ახალგზარდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა.

უსაფრთხოების სკოლა წელიწადში ორჯერ ეწყობა და იქ მოსახვედრად ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები შესარჩევ კონკურსს გადიან.

პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მესამედ უმასპინძლა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და შემდეგი კურსი ზაფხულში ჩატარდება.