სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ხორციელდება კიბერუსაფრთხოების სფეროს რეფორმირება, რომლის ფარგლებში 2021 წელს სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში შეიქმნა სახელმწიფო ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ცენტრი. სწორედ აღნიშნული დანაყოფი ახდენს რეაგირებას სხვადასხვა კიბერ-ინციდენტზე და ატარებს შესაბამის ღონისძიებას.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა - „რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა არაერთ ინციდენტზე. ამასთან, სააგენტო აქტიურად მუშაობს NIS (Network and Informational Systems Security Directive) დირექტივასთან საკუთარი საქმიანობის ჰარმონიზაციის მიმართულებით, როგორც ეს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრული.“
დასასრულს, გრიგოლ ლილუაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა კიბერ-ინციდენტების გამოძიებაში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, როგორც ინფორმაციის, ასევე საექსპერტო ცოდნის გაზიარების მიმართულებით.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებების ხელმძღვანელებმა - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრმა ლეო დოქერთიმ და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა.
ფორუმში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან (ნატო, ევროკავშირი, ეუთო, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი და კიბერექსპერტიზის გლობალური ფორუმი) და ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.