სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა მონაწილეობა მიიღო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და თავჯდომარეობით გამართულ სპეციალური საბჭოს სხდომაში, რომელიც მიზნად ისახავდა სამართალდამცავთა დანაშაულის პრევენციას. საბჭოს მისიაა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი პოლიტიკითა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელდეს.
სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა აღნიშნა - ,,სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა და აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციის პოლიტიკას. სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, პროფესიული სტანდარტების, ეთიკის კოდექსით დადგენილი პრინციპებისა და დისციპლინური ნორმების დაცვას.“
საბჭოს სხდომას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის იანვრის თვეში გააფორმა. პრევენციის სპეციალური საბჭოს შეხვედრები წელიწადში არანაკლებ ერთხელ გაიმართება.