ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

03-08-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 8 წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრების მიმართ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს სამსახურის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი საქართველოს პარლამენტთან და მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს.

გრიგოლ ლილუაშვილი: ,,უსაფრთხოება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი. სამსახურისა, რომელიც დღეს წამოადგენს ძლიერ, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეფექტიან უწყებას და რომელსაც ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული უსაფრთხოების ოფიცერთა გუნდი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობის განმტკიცებას, ეკონომიკური ზრდის ტემპს და ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული დანაყოფის თავდაუზოგავი შრომის შედეგად ქვეყანა დაცულია ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების მიერ ინსპირირებული არეულობებისა და დესტაბილიზაციისაგან. შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილია სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და მათი განვითარება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზგასმით აღნიშნა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის როლი  ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

,,ამ სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, პირველ რიგში. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ფასდაუდებელია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში წარდგენილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან ნათლად ჩანს ის დიდი სამუშაო, რომელსაც ეს უწყება აწარმოებს.

შალვა პაპუაშვილი: ,,შესაძლოა, ეს არ ჩანდეს ყოველდღიურად, თუმცა, თქვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი შედეგი და ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოა. ეს კი ეკონომიკური აღმავლობისა და ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვის უმთავრესი ფუნდამენტია. ამის ერთ-ერთი მაგალითია, შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტი, რომლის დატვირთვის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა, როგორც რეგიონის, ასევე, საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში.“

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელთა ხსოვნას.

დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გაწეული სამსახურისთვის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.