ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-11-2015

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სასჯელაღსრულების თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.