HOT LINE 123
GE

News

19-06-2023

მცხეთა-მთიანეთის საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა (EN)

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეები გაეცნენ ანტიკორუფციული სააგენტოს სტრატეგიას კორუფციის პრევენციის მიმართულებით და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სამსახურში, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა და სხვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სააგენტოს მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

 

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა თორნიკე სიხარულიძემ გახსნეს. სხვა ექსპერტებთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.

 

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროექტის (PGG III) - „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება” -  ფარგლებში გაიმართა.

 

მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

 

ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას პრევენციის მიმართულებით, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების შესამცირებლად.

(EN)