HOT LINE 123
GE

News

26-02-2024

„უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დაიწყო. ზამთრის სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ საზეიმოდ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის 29 სტუდენტი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ამასთანავე, სტუდენტები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და თავის დაცვის ხერხებს, გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.

 

,,უსაფრთხოების სკოლა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია. მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ზამთრის სკოლა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა“, იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ,,უსაფრთხოების სკოლას“ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მეხუთედ მასპინძლობს.

(EN)