HOT LINE 123
GE

News

26-03-2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა (EN)

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან ანნ მონტავონთან და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელთან ანიეს ქოთუსთან.

 

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

 

მხარეებმა, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მონახულების კუთხით.

 

აღინიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მიეცა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების  უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

(EN)