ცხელი ხაზი 123
EN

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს  უმთავრესი ამოცანაა.

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი და დემოკრატიული ფუნქციონირების მიზნით, 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები მკაფიოდაა განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.  

 სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა,  კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.

უსაფრთხოების სამსახური შედგება 17 სტრუქტურული ერთეულისგან.  ესენია: ადმინისტრაცია, გენერალური ინსპექცია, ეკონომიკური, საინფორმაციო-ანალიტიკური, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის, ოპერატიული ღონისძიებებისა და  სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები; იურიდიული, ობიექტების დაცვის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფისა და კადრების მთავარი სამმართველოები; სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. მისი საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.