ცხელი ხაზი 123
EN

ტერორიზმთან ბრძოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“. თუმცა, ამით არ მცირდება სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან („ალ-ქაიდა“, „თალიბანი“ და სხვა) ასოცირებული საფრთხეები.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება კავკასიის რეგიონზეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები.

აღნიშნული მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახურის საქმიანობა ასევე მიმართული იყო სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენაზე. ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი.

უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების მიზნით ინტერნეტ-სივრცის გამოყენების პრევენციას. 2015 წლის ნოემბერში, შეიზღუდა წვდომა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში დარეგისტრირებულ ჯგუფებზე.

საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე.

ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი  (საზღვრის მწვანე ზოლის, ასევე სასაზღვრო გამტარი პუნქტების). ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან, ისრაელთან, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების (საგამოძიებო და ანალიტიკური ტრენინგები), ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვის სფეროებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი. შეფასდა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (ე.წ. იოლი სამიზნეები) უსაფრთხოების ზომები. მუდმივად ხორციელდება ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების (სნაიპერის კურსები, ანტიტერორისტული ღონისძიებები ქალაქის პირობებში, ტერორისტების ბანაკების განადგურების ოპერაციები, სამთო მომზადების კურსები და ა.შ.), განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.