ცხელი ხაზი 123
EN

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება. მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა (ბუნებრივი, შემთხვევითი/ადამიანური შეცდომით გამოწვეული და კრიმინალური ფაქტორები), ქბრბ ინციდენტები, მასშტაბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის.

ქბრბ რისკებისა და საფრთხეების შემცირება მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გამონაკლისი არც საქართველოა. ამ კუთხით, ზოგადად, რეგიონია საინტერესო. ცალკეულ სახელმწიფოებს გააჩნიათ კარგად განვითარებული ბირთვული ინდუსტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ინციდენტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოზე. ასევე, ქვეყანაში განთავსებულია ყოფილი საბჭოთა სამხედრო და სამეცნიერო დანიშნულების რამდენიმე მცირე ობიექტი, რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილები, ბიოლოგიური პროფილის დაწესებულებები. არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით. რისკის ან საფრთხის შემცველი ნებისმიერი კერა ან ობიექტი, სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება მუდმივ კონტროლს და მონიტორინგს.

საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და კონფლიქტის კერებთან სიახლოვის გამო, სახელმწიფოში არსებობს აღნიშნული მასალების უკანონო შემოტანის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების რისკიც. ამ კუთხით ხელსაყრელი გარემოს ქმნის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაც, სადაც დღემდე ვერ ხერხდება, არადა აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების ფონზე,  ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურები ხშირად საუბრობენ ისლამისტების მიერ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობასა და ალბათობაზე.

ეს არის გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ძალისხმევა შესაბამისი საფრთხეების პრევენციისა და გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით.

ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და მიაღწია სერიოზულ წარმატებას. მთავრობის მეირ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა, შეიქმნა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, შემუშავდა და დამტკიცდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სუს-ი კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.

ამასთან, სუს-ი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ინიციატივაში „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ და მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინიციატივის თბილისის რეგიონულ სამდივნოსთან, ასევე, აშშ-სთან, გაერო-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

2015 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფილიპინებისა და მაროკოს მთავრობებთან ერთად, შეიქმნა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის შესახებ გაერო-ს მეგობართა ჯგუფი“ (UN Group of Friends on CBRN Risk Mitigation and Security Governance). 2015 წლის 8 დეკემბერს, გაერო-ში საქართველოს მისიის თავმჯდომარეობით, გაიმართა ჯგუფის პირველი დამფუძნებელი სხდომა, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა ესწრებოდა.

სუს-ისთვის, ასევე, პრიორიტეტულია საქართველოს გაწევრიანება დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობაში.

სუს-ი უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკურ და პროგრამულ გამართულობას.  საქართველოს მთავარი პარტნიორი ბირთვული გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში არის აშშ.

აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.

სწორედ უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება აღნიშნულ სფეროში დანაშაულის, მათ შორის ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის, ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის დამზადების, შეძენის ან გასაღების ფაქტების გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აღკვეთილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის 4 ფაქტი.  მათგან 2 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა  გაღარიბებული და დაბალგამდიდრებული ურანის უკანონო ბრუნვას. პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთის სფეროში, სამსახური უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან ხელმოწერილი ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმის (Joint Document of US and Georgian Delegations on Georgia’s Priority Needs To Improve Its Capabilities to Combat Nuclear Smuggling) შესრულებას.