ცხელი ხაზი 123
EN

ინფორმაცია / საერთაშორისო თანამშრომლობა

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მჭიდრო, ორმხრივად დადებით შედეგებზე ორიენტირებული მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სტრატეგიულ და არა მხოლოდ, პარტნიორ სახელმწიფოებთან, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ძალისხმევის გაერთიანებისა და ერთობლივი მოქმედების საშუალებას ისეთი გლობალური გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი საკითხების დასაძლევად, როგორიცაა: ტერორიზმი, კორუფცია, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეები, კიბერუსაფრთხოება და სხვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობა ემყარება საქართველოს კანონმდებლობას და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დადებულ შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. საქართველო არის უსაფრთხოების სფეროში არსებული არაერთი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე მხარე, სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმებები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ასევე, შეთანხმებები საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ. მსგავსი შეთანხმებების დადება ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს 2016 წლის ივნისში ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ინფორმაციის გაცვლა სისტემატურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) და სხვა პროგრამების ფარგლებში.

საქართველო არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიური წევრი და ჩართულია მრავალმხრივ ანტიტერორისტულ ოპერაციებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე გახდა ევროპის საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტის (CODEXTER) წევრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურადაა ჩართული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაში, ასევე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამებსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

სუს-ი აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან, მათ შორის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან. აღსანიშნავია, რომ სამსახური ჩართულია წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე წარმოდგენილია ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (NATO PDP) მმართველ საბჭოში და მონაწილეობს ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის მენიუს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

სუს-ი აქტიურადაა ჩართული ეუთო-სა და სუამ-ის ეგიდით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დაგეგმილ აქტივობებში, ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში. სუს-ი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებში.

აგრეთვე, სუს-ის ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული დანაყოფის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ არაერთ საერთაშორისო სემინარსა და ტრენინგში.