სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.
კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები.
კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.