ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-03-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს -  ტოივო კლაარს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო აღნიშნული პროცესების შედეგად წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასა და  უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის, თამაზ გოგიჩაშვილის და ირაკლი ბებუას უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

ხაზგასმით აღინიშნა ტოივო კლაარის და ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.

ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), როგორც ნეიტრალური და ობიექტური მედიატორის როლი. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში, ხაზი გაესვა მისიის განსაკუთრებულ როლს და მანდატის თანახმად,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებას.

ასევე, ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.