ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-05-2023

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოავლინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები. ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები.

მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად იქნა გაზიარებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან.

ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად.

ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე.