ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-08-2023

„უსაფრთხოების სკოლის" მეოთხე სეზონი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. ზაფხულის სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

 

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის 22 სტუდენტი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ამასთანავე, სტუდენტები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას და თავის დაცვას, ასევე გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.

 

,,უსაფრთხოების სკოლა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია. მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ,,უსაფრთხოების სკოლას“ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მეოთხედ მასპინძლობს.