ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-09-2023

კრიზისებზე რეაგირების ეროვნული სწავლება წარმატებით დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქართულმა ქვედანაყოფებმა ამერიკელი ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

 

სწავლების მიზანს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა წარმოადგენდა.  

 

უწყებათაშორის სწავლებაში, რომელიც მოიცავდა საველე-პრაქტიკულ და TTX სამაგიდო სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს, ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების 150-მდე წარმომადგენელი. სამაგიდო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  თანამშრომლებმაც.  

 

დახურვის ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

გიგა ნიკოლეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი: ,,სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“.

 

ალან ს. პერსელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე პარტნიორობა. ამასთან, მოხარული ვარ, რომ გავხდი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის დასრულების მოწმე, რომელიც გულისხმობდა იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ინტერესებში შედის“.

 

ჯოშუა სტრეიდერი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) რეგიონალური ხელმძღვანელი: ,,პროგრამა უკვე მესამე წელია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში  უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება იყო გასაოცარი.  პარტნიორობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამერიკასა და საქართველოს  შორის“.

 

დასკვნით ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული  სწავლება საქართველოში მეორედ გაიმართა.