ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-10-2023

გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა 2022 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილა და მათ საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ანგარიშში ხაზგასმულია უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

სიტყვით გამოსვლის  შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულმა პირებმა ვერ შეძლეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება. რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა, მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესშია.

 

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო 19 სექტემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 319-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იმავე დღეს ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამოიკითხა.