ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

13-12-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ მეშვიდე სხდომა გამართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსი ბატიაშვილმა გახსნა. მან ქბრბ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და გასული ერთი წლის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა შეაჯამა. ალექსი ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.


ალექსი ბატიაშვილი: „იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაზრდილია მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერორისტული თუ მართლსაწინააღმდეგო განზრახვით გამოყენების რისკები, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიმართულებებზე მჭიდრო, ეროვნული კოორდინაცია და ერთობლივი მიდგომებით მუშაობა, მათ შორის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიზნით, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. საკოორდინაციო საბჭოს სახით დღეს სახეზე გვაქვს უწყებათშორისი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ძლიერი, ქმედითი მექანიზმი და აღნიშნული ყოველთვის ხაზგასმულია საქართველოს შესახებ შესაბამის ანგარიშებსა თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოხსენებებში.“


საბჭოს წევრებმა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წელს შესრულებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშები წარადგინეს.
საკოორდინაციო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი 2024-2026 წლების ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.


სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალან პერსელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა და ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების ინიციატივის რეგიონალურმა კოორდინატორმა ტალგატ ტოლუბაევმა.


ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა. საბჭოს მომდევნო სხდომა 2024 წელს გაიმართება.