ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2016

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 66-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

ქართულმა მხარემ ისაუბრა ოკუპირებულ სოფელ ხეითის ტერიტორიაზე ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 258 მუხლის 1-ლი ნაწილით. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული იქნა დაპირება, რომ აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და უმოკლეს ვადაში ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, 82 წლის დავით ვანიშვილი საკითხი, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის მუქარასა და ზეწოლას. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.