ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-02-2017

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირის გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვა, რომელიც შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს არამარტო გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვანწილად დააზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 21 მარტს  გაიმართება.