ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-07-2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  რიგით 88-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს  წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოითხოვეს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს დე-ფაქტო რეჟიმის მიერ, ახალგორში, სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუწოდეს ეუთო-ს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ თამარ მეარაყიშვილის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან უკანონო დევნის საკითხით და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.